რეზონანსი
(13.09.2023)

როგორც „გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა, „ქართული ოცნება" აგებს თამაშს ქალბატონ სალომესთან

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების შედეგად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი მაღლდება.

„ერთის მხრივ, ჩვენ დავინახეთ ის, რომ ქალბატონი სალომე დადის თავისი ხარჯებით ევროპაში კონსტიტუციით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად და დავინახეთ ისიც, რომ ვინც ხელს უშლის, ის ხალხი პირადი მიზნებისთვის დასეირნობს და ასევე პრობლემები აქვს იმასთან დაკავშირებით, ვისი ხარჯით ხდება ეს. ასევე დადის ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში და იქ სტრატეგიულ დოკუმენტებს ხელს აწერს, საპარლამენტო რესპუბლიკის პრემიერი პარლამენტის თანხმობის გარეშე. ბევრი კითხვები არსებობს და ეს როგორ მოიხარშება ადამიანების თავში და ვის მხარეს გადაიხრება მათი გადამწყვეტი სიმპათია, ამას დრო და განხილვა სჭირდება.

მე მაინც მგონია, რომ ქალბატონი პრეზიდენტის რეიტინგი მაღლდება ამ პროცესების შედეგად. „ქართული ოცნება" აგებს თამაშს ქალბატონ სალომესთან იმიტომ, რომ ბევრი საკითხი იყო, სადაც მათ რაღაც დაიწყეს, პრეტენზიები ჰქონდათ და ეს პრეტენზიები არც მორალურად იყო გამართული და არც პოლიტიკურად არ იყო სანდომიანი. ეს პროცესი სანამ მიმდინარეობს, ქალბატონ სალომეს მიმართ მოსახლეობის ყურადღება იზრდება და სავარაუდოდ მისი რეიტინგიც იმატებს, თუმცა რამდენად საკმარისი იქნება იმ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელიც შეიძლება ქალბატონ სალომეს გააჩნდეს, მე ვერ გეტყვით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, როდესაც პრეზიდენტს შეხვდა, ურჩია, რომ თუ იმპიჩმენტი რეალურად მიაჩნია, ამის შესახებ საჯაროდ უნდა ელაპარაკოს იმ ადამიანებს, ვინც აირჩია.

„ვურჩიე, რომ თუ სერიოზულად თვლის, რომ იმპიჩმენტის შესახებ ამბავი რეალურია, ის ამის შესახებ საჯაროდ უნდა ელაპარაკოს იმ ადამიანებს, ვინც აირჩია. მე ეს ვურჩიე, თუ მას თავად მიაჩნია, რომ იმპიჩმენტი რეალურია, რადგან ადამიანები ჯერ არ თვლიან, რომ ეს რეალურია და მაინც თვლიან, რომ „ქართულ ოცნებას" ან 100 ხმა არ ექნება, ან ბოლომდე არ მიიყვანს ამ პროცესს, ან სხვა ტიპის ვაჭრობაა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე