რეზონანსი
(13.09.2023)

საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, დღეს არის უფრო დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო, ვიდრე 10 წლის წინ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ქრონიკაში განაცხადა.

„ვისაც ევროკავშირთან აქვს სამსახურებრივი, საქმიანი შეხება და გამოცდილება, ყველამ კარგად იცის, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმე და მისია ევროპაშიც არაა დასრულებული და არასდროსაა ბოლომდე მიყვანილი. ეს არის მუდმივი სამუშაო და ნებისმიერი ქვეყნის შეფასებითი ანგარიში რომ ნახოთ, ყველასთან შეიძლება რაღაც რეკომენდაციები თუ შეცდომები არსებობდეს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხაზი გადაუსვას იმ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემას და გააკეთოს ისეთი „აროგანტული" განცხადებები, როგორიც ჩვენ საქართველოს წინააღმდეგ მოგვისმენია. ფაქტია, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის, დღეს არის უფრო დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფო, ვიდრე 10 წლის წინ იყო. დღეს ქვეყანაში არის უფრო მრავალფეროვანი მედია, პარლამენტი, ადამიანების უფლებები არის ბევრად უფრო დაცული და საქართველოს აქვს უფრო ძლიერი ეკონომიკა და ინსტიტუციურად დაცული უსაფრთხოება და მშვიდობა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წინ არ გვაქვს სამუშაო. ჩვენ გვაქვს რეფორმების გეგმაც, ხედვაც და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას დავარწმუნებთ მომავალი წლის არჩევნებში, რომ საქართველოს შეუძლია ამ საქმის გაგრძელება და ბოლომდე მიყვანა",- აღნიშა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე