რეზონანსი
(13.09.2023)

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს სწორედ იმ გარემოებას, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შარშან შეცდომა იყო დაშვებული და წელს ეს შეცდომა გამოსასწორებელია, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მე არ მინდა, რომ საქართველოში ადამიანებს გაუჩნდეთ გარკვეული ფრუსტრაცია. ეს მინდა ყველას კარგად ესმოდეს. დღევანდელი რეალობა ასეთია, რომ კანდიდატის სტატუსი აქვს უკრაინას, კანდიდატის სტატუსი აქვს მოლდოვას და სტატუსის მქონე სახელმწიფოებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, რიტორიკა და განცხადებები იქნება ცოტა განსხვავებული, რაც არის მხოლოდ ევროპული პერსპექტივის მქონე და კანდიდატის სტატუსის მოლოდინის რეჟიმში მყოფ ქვეყანაზე. საბედნიეროდ, ეს განცხადებები არის იმედისმომცემი, რადგან რეალურად, ერთი მხრივ, კარი ღიაა და მეორეს მხრივ გვაქვს რეალური მზადყოფნა და შესაძლებლობა, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად ყველა დავარწმუნოთ, რომ საქართველო არცერთ სხვა სახელმწიფოზე ნაკლებად არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს სწორედ იმ გარემოებას, რომ შარშან შეცდომა იყო დაშვებული და წელს ეს შეცდომა გამოსასწორებელია. ამისათვის მნიშვნელოვანია კარგად გამოვკვეთოთ, რომ ყველა პირობა არსებობს შარშანდელი შეცდომის გამოსასწორებლად. არ შეიძლება გვერდი აუქციო ოპოზიციის მცდელობებს, რომ განსხვავებულად წარმოაჩინონ რეალობა და დაანახონ ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველოში რაიმე კონდიცია არ არის დამაკმაყოფილებელი კანდიდატის სტატუსისთვის. საამისოდ მუშაობა გვმართებს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავტოვოთ მანიპულირებული შთაბეჭდილებებისთვის სივრცე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალობას კარგად ხედავდეს ევროპა. დიახ, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ამ თვალსაზრისით ჩვენი ოპოზიციის შემოთავაზებული რიტორიკა , რომ ხალხი იმსახურებს სტატუსს, რა თქმა უნდა, ტოვებდა სივრცეს ინტერპრეტაციისთვის, ისე ყოფილიყო ინტერპრეტირებული , რომ ქვეყანაში არსებობს რაიმე კომპონენტი, რომელიც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ამ არასრულფასოვნების განცდით კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა გაგვიჭირდება მოვიპოვოთ. მნიშვნელოვანია სწორი რიტორიკა, თანამშრომლობა. ვფიქრობ, გარდაუვალია ამ მიმართულებით წარმატებაც", - აცხადებს სარჯველაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე