რეზონანსი
(13.09.2023)

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს რეალურად მიაჩნია, რომ მისი იმპიჩმენტისთვის მმართველი პარტია საჭირო ხმების მობილიზებას შეძლებს. მოვლენათა შესაძლო განვითარების განსახილველად პრეზიდენტი საპარლამენტო ოპოზიციას დღესაც შეხვდება.

"იმას მაინც გავიგებთ, საკონსტიტუციოში დარჩნენ თუ არა მოსამართლეები, თუ ისინი პირდაპირ "ქართლი ოცნების" ლიდერების დაკვეთას ასრულებენ. გამოჩნდება, პრეზიდენტი მიიჩნევს თუ არა, რომ  ეს სერიოზულია. თუ ეს სერიოზულია, ამ კონსულტაციების შედეგად ალბათ პრეზიდენტის ქცევაც შეიცვლება და ის აქტიურად გამოიყენებს იმ ბერკეტებს, რომელიც მას გააჩნია,“ - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"ქართული ოცნება" კი კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭირო 100 ხმის მოსაგროვებლად ისინი კონსულტაციების გამართვას არ აპირებენ და მიმდინარე პროცესი პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშად დარღვევაზე მხოლოდ ფორმალური რეაგირება იყო.

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი თავისი მოქმედებებით და მისი ე.წ. პოლიტიკით, გახდა ამ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მებაირახტე. დაუშვებელია, რომ პერმანენტულად ხდებოდეს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. ადრეც იყო ბევრი ასეთი მაგალითი, რომელთა დაკავშირებითაც სხვა ტიპის ვერბალური პოლიტიკური რეაგირება იყო, მაგრამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ამიტომაც გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ ამის სამართლებრივი შეფასება მომხდარიყო," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი. 

საკუთარი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა დადოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე