რეზონანსი
(11.09.2023)

წავალ თუ არა პოლიტიკაში, ეს არის დამოკიდებული იმაზე, რა მოცემულობა იქნება და სად იქნება ჩემნაირი ადამიანების საჭიროება , - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, „საქართველოს ევროპული ორბიტას" დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მკაფიო პასუხი არ აქვს, თუმცა მისი გადაწყვეტილებები დიდწილად კანდიდატის სტატუსის მიღება-არ მიღებაზე იქნება დამოკიდებული.

„არ მაქვს ამაზე მკაფიო პასუხი. მე არ ვარ მხოლოდ ამ პლატფორმის მონაწილე, არიან დამფუძნებლები, ბორდის წევრები, არის წესდება, მიზნები და ეს არ ითვალისწინებს პარტიად ან პოლიტიკურ მოძრაობად ტრანსფორმირებას.

რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს, ჩემი პირადი გეგმები დღეს ჩემთვისაც არ არის ძალიან მკაფიო. ზოგადად ამ ქვეყნის პოლიტიკური მომავალი არ არის ძალიან მკაფიო და ჩემთვის ეს არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან, რა საჭიროება იქნება პოლიტიკური ბრძოლის თვალსაზრისით, იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და წინ წავიდეთ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. კონტურებს გამოაჩენს გადაწყვეტილება, რაც იქნება მიღებული ევროკავშირის მხრიდან. ჩემი და ამ ორგანიზაციის ფოკუსი მთლიანად ამისკენაა მიმართული", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმით, კონკრეტულ პარტიასთან აფილაციას ერიდება, რადგან დამოუკიდებელი ხმა „საქართველოს ევროპული ორბიტას" მსგავსი პლატფორმებიდან უფრო მკაფიოდ ისმის.

„მეც იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც ერიდებიან კონკრეტულ პარტიასთან აფილაციას იმიტომ, რომ ეს ერთგვარი სტიგმაც არის და ასევე, დამოუკიდებელი ხმა, ასეთი ტიპის პლატფორმებიდან უფრო ჟღერს. მე რომ ჩემი თავი დამენახა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, რა თქმა უნდა, წავიდოდი პარტიაში, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ მივიღე შეგნებულად, რადგან ვფიქრობ, ასეთი სივრცეა ჯერ დასაკავებელი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე