რეზონანსი
(09.08.2023)

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დილის შემდეგ სტატისტიკა შეიცვალა: დღეს ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. მოზარდის ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის ნანახი არის 21 ცხედარი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომელთა ძებნაც ინტენსიურად მიმდინარეობს. 9 ლოკაციაზე აქტიური საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება უფრო მეტ ინფორმაციას ცხედრების შესახებ, არ მინდა ისეთი რამ ვთქვა, რაც შეიძლება შემდეგ არ დადასტურდეს, ეს არის ერთი მოზარდი და ერთი მდედრობითი სქესის. გარდა ამისა, ამ დროისთვის 4 ცხედრის იდენტიფიცირება მიმდინარეობს", - აცხადებს მღებრიშვილი.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 12 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე