რეზონანსი
(09.08.2023)

შოვის სტიქიას გადარჩენილი მარიამ ბერიანიძე ტრაგედიის დღეს იხსენებს. ის, მისი მეუღლე და ორი წლის შვილი 2 საათის განმავლობაში იყვნენ მეწყერში ჩაფლული. ბერიანიძე ამბობს, რომ მეწყერში მოყოლილები რაჭველმა ბიჭებმა გადაარჩინეს.

„რაღაც სასწაულია, რომ გადავრჩით, არ გვქონდა შანსი გადარჩენის. ფაქტობრივად, ვიყავით იმ მთის ძირში, რომელიც მთლიანად მოწყდა. გავიგეთ საშინელი ხმაური, გვეგონა, ვერტმფრენი დაფრინავდა, რამდენიმე ხე რომ წაიქცა, მივხვდით, რომ ჩვენკენ მოდიოდა არა მხოლოდ ხეები, არამედ მთლიანი მთის მასა. მეუღლემ აიტაცა ბავშვი ხელში და გავიქეცით ქვემოთ. მახსოვს, რომ მე დავეცი და ერთი წამის ამბავი იყო, რომ უკან გავიხედე და დავინახე, რომ მთა მოგვდევდა, ფაქტობრივად. გავრბოდით კალცის წყალზე, იქ იყო ხიდი, პირველმა ნაკადმა იქაურობა გაანადგურა, მეორე ტალღა უფრო უარესი წამოვიდა, დაახლოებით, 25 მეტრის იყო, გადაუარა იქაურობას და მთლიანად წალეკა. ჩვენც გადაგვიარა, დაგვეტაკა მეწყერის უზარმაზარი ტალღა და ჩაგვითრია. 

გასაქცევი არსად იყო, ფიქრის საშუალებაც არ გვქონდა, რომ სადმე გასაქცევი გვეშოვა. კილომეტრებზე მოდიოდა ღვარცოფი და არ გვქონდა ადგილი, რომ გავქცეულიყავით. რაღაცნაირად მოვახერხეთ, პატარა კუნძულივით გაკეთებულ ადგილზე ასვლა და ერთი ნაბიჯით ავცდით, რომ მესამე ტალღამ არ დაგვარტყა. წამოვიდა შემდეგი ტალღები, მეოთხე და მეხუთე ტალღა წამოვიდა, მაგრამ მდინარის კალაპოტისკენ წავიდა. ვლოცულობდით, რომ გთხოვ, გაიტანე, რომ რამენაირად წაეღო და ჩვენკენ აღარ გადმოსულიყო ეს ღვარცოფი. განწირულები ვყვიროდით, არ ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ჯერ კიდევ რომ ვიბრძოდით გადასარჩენად, დავრეკეთ 112-ში... ვიყავით ჩემი ოჯახი, ხელაძეების 10-სულიანი ოჯახი და პაპა, რომელიც სახლიანად ჩამოიტანა მეწყერმა.

დავინახე ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ხეზე აძვრა თავის გადასარჩენად და საბოლოოდ, ხიანად მოგლიჯა და წაიღო მეწყერმა რამდენიმე მანქანასთან ერთად. ასევე წყვილი, რომლებმაც მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს და მანქანიანად წაიღო და ერთი ქალი, რომელიც იჯდა კალცის წყაროსთან. დანარჩენი შეიძლება ჩვენმა გონებამ ვერ აღიქვა, იმიტომ, რომ წამებში ხდებოდა ის, რომ ჩვენ უნდა გავქცეულიყავით, რომ თავისთვის გვეშველა, მანქანის ფერიც კი არ მახსოვს, მოდელზე საუბარი ზედმეტია“, - იხსენებს მარიამ ბერიანიძე „ტვ პირველის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე