რეზონანსი
(08.08.2023)

აგვისტოს ომსა და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთათვის პანაშვიდი ჩატარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„15 წელი შესრულდა აგვისტოს ომის დასაწყისიდან და დღეს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ იმსახურა პანაშვიდი ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებლად. წაიკითხა პატრიარქის სიტყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვლოცულობთ საქართველოს გაერთიანებისთვის, ვლოცულობთ დაღუპულთა სულებისთვის - როგორც აფხაზების და ოსების, ისე ქართველების. ასევე, მსახურებაზე მოხსენიებულ იქნა შოვში ტრაგედიის შედეგად დაღუპულები.

ძალიან ხშირად ხდება, რომ ტრაგედია აერთიანებს ადამიანებს. ვისურვებდით, ერთსულოვანნი ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის და იმ გმირების პატივის საგებად, რომლებმაც თავი დასდეს სამშობლოს თავისუფლებისთვის", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

შოვის ტრაგედიაზე საუბრისას, ჯაღმაიძემ მოსახლეობას ერთსულოვნებისკენ მოუწოდა.

„ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვების შერჩევა ადამიანებისთვის, რომლებსაც უშუალოდ შეეხოთ ტრაგედია. ჩვენ ყოველთვის არ გვაქვს ახსნა, რატომ ხდება ასე და სამწუხაროა, როცა ერთი ცდილობს მეორის დადანაშაულებას, მაშინ, როდესაც მთავარი ამბავი ამ უბედურებაში ტრაგედიაა. ამიტომ ერთსულოვანნი უნდა ვიყოთ მათთვის ლოცვაში და ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების ნუგეშისცემაში", - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე