რეზონანსი
(07.08.2023)

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, დღეს დაახლოებით 2 საათის წინ ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს

„საძიებო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს დაახლოებით 2 საათის წინ ახალ ლოკაციაზე დაიწყო საძიებო სამუშაოები, აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები, რაც გახდა საფუძველი. შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და სტიქიამდე არსებული მონაცემები გვაძლევს საფუძველს, რომ იქ საძიებო კუთხით გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით დღის განმავლობაში. ორივე მიმართულებით ფაქტობრივად გზა დასრულებულია. ე.წ. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაცია დაწყებულია და ვიმედოვნებთ, რომ ხვალ უკვე დასრულდება. ფაქტობრივად, იქ მდინარე უკვე მოქცეულია კალაპოტში. პარალელურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები", - აცხადებს თემურ მღებრიშვილი.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ქვეყნის ტერიტორიაზე 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე