რეზონანსი
(07.08.2023)

თანადგომას ვუცხადებ არა მხოლოდ იმ ადამიანების, ვინც ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ ოჯახის წევრებს, არამედ ვიზიარებ მთელი საქართველოს მწუხარებას, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიას თქმით, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ადგილი ჰქონდა ცრუ ინფორმაციების გავრცელებას, რაც მისი თქმით, უზნეობაა.

„საზოგადოება ძალიან ადვილად განსჯის, მათ ვინც მართლა გულშემატკივრობს და განიცდის ამ მოვლენებს და ვინც თავისი ბინძური პოლიტიკით დღის წესრიგით ახერხებს და აგრძელებს ცხოვრებას ასეთ მძიმე დღეებში. განცდები ისეთია, როგორსაც არავის ვუსურვებ.

ამ შემთხვევაში, როდესაც პირველივე წუთებიდან ჩვენი მაშველები, ჩვენი პოლიციელები, ჯარი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრების უმრავლესობა, მთავრობის ყველა წევრი, ქართული საზოგადოება დარაზმული იყო და ერთიანი ძალით უტევდა ამ გამოწვევას, ამ დროს ადამიანებმა მოახერხეს და ჩემ მიერ ჩამოთვლილი ადამიანების მიმართ დაგეგმეს, შეთითხნეს და გაავრცელეს ცრუ ინფორმაციები. შეიქმნა „ფეისბუქ" გვერდები, სადაც ჩვენი ლიდერების სახელით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, ტყუილი კომენტარები, ასეთ დროს, ამას მოფიქრება ხომ უნდა?!

კახა კალაძის მიმართ უზნეობამ აპოთეოზს მიაღწია და მადლობა ღმერთს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ქართველმა ხალხმა იხილა, როგორ მოხდა კალაძის ოჯახის გამოსვლა სტიქიის ადგილიდან, გაცილებით ადრე, ვიდრე სტიქია მოხდა და, რაც მთავარია, საკუთარი ტრანსპორტით. საზოგადოება მალე დარწმუნდება, რომ თითოეული საზიზღრობა, რომელიც კობახიძის, ღარიბაშვილის და სხვების მიმართ გავრცელდა, არის ბინძური ტყუილი", - განაცხადა ოდიშარიამ.

მან ასევე ისაუბრა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შოვში არსებული კოტეჯები აშენებული იყო დარღვეული განაშენიანების სტანდარტებითა და რეგულაციებით.

ოდიშარიას თქმით, სტიქიური მოვლენის შეჩერება და მისი პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

„მე ვარ ცოცხალი მოწმე იმისა, რომ 1984 წელს ვისვენებდი ამ კოტეჯებში მამაჩემთან ერთად და საზოგადოების მინდა დანამდვილებით ვუთხრა, რომ ეს კოტეჯები აშენებულია 60-იან წლებში და აქ შეკითხვები არ არსებობს და ვერც იარსებებს.

მეც კი, რომელიც არც სეისმოლოგი ვარ და არც გეოლოგი, არც ჰიდროლოგი, იმდენი წავიკითხე, ვნახე და მოვისმინე, რომ ამ 5 კომპონენტიანი სტიქიური უბედურების შესახებ, ჩემთვის ნათელია, რომ კონკრეტული ამ სტიქიური მოვლების შეჩერება და პროგნოზირება შეუძლებელი იყო. ამის შესახებ ქართველი ეკოლოგებიც და უცხოელებიც საუბრობდნენ. ამ ხეობაში მსგავსი ტიპის სტიქია არასდროს მომხდარა და არც არავინ ელოდებოდა. რაც კი ადამიანის გონებას და ხელს შეიძლება ჰქონოდა ხელმისაწვდომობა, ხელისუფლებამ ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულა",- განაცხადა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე