რეზონანსი
(07.08.2023)

შოვში, იმ ტერიტორიაზე, სადაც სტიქიის შედეგად 18 პირი დაიღუპა და დაკარგული 16 ადამიანის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი) სამღვდელოებასთან ერთად დიდ პანაშვიდი გადაიხადა.

„სტიქიის მეორე დღის დილიდან სამღვდელოება აქ იყო და ფაქტობრივად, ამ ადგილებს არ მოსცილებია. რითაც შეგვეძლო, ლოცვით თუ ფიზიკურად, ჩვენ გვერდი ვედექით ამ მამაც მაშველებსა და სამხედროებს.

ბოლო დღეებში ყველას მოუხმობდით, რომ მობრძანებულიყვნენ აქ და ერთად მონაწილეობა მიგვეღო გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდაში", - განაცხადა მსახურების დაწყებამდე მეუფე ვახტანგმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ შოვში, სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო მწუხარება გამოთქვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს სტიქიის შედეგად 18 გარდაცვლილია, მათგან 14-ის ცხედარი იდენტიფიცირებულია, მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე