რეზონანსი
(06.08.2023)

სტიქიას უვნებლად 210 ადამიანი გადაურჩა. ყველა მათგანი ამ დროისთვის უსაფრთხოდ იმყოფება და სტიქიის დაწყების პირველ წუთებს იხსენებენ.

ერთ-ერთი ასეთია დავით ჯელაძე - ბიჭი ბავშვით, რომლის ფოტოც რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების სიმბოლოდ თავიდანვე იქცა. ჯელაძე მის დასთან ერთად "მთავარ არხთან" დეტალურად იხსენებს როგორ ებრძოდა სტიქიას ერთი საათის განმავლობაში და როგორ გადაარჩინა პატარა მაშოსთან ერთად მისი ოჯახის ყველა წევრი.

"ჯოჯოხეთში მოვხვდით, საშინელებაში მოვხვდით, მეწყერში მოვყევით. ისეთ საშინელებაში მოვხდით, რომ ადამიანი ვერ გადარჩება. ახლა იმ ადგილს რომ ვიხსენებ, რა ადგილზეც ჩვენ ვბრძოლობდით გადარჩენისთვის, ის ადგილი საერთოდ აღარ არის. ზემოდან მოდის უზარმაზარი მიწის მასა, საშინელი, დამანგრეველი ხმით მოაქვს აუტანელი სიცივე და მოდის ჩვენსკენ, ჩვენ პირდაპირ. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, შეგუებულები ვართ, რომ ვერ გადავრჩებით. ზემოთ ვიხედებით ძალიან სწრაფად მოდის უზარმაზარი ხეები, უზარმაზარი ქვები მოდის ჩვენ პირდაპირ. ჩვენ ვერ ვირყევით, ვერ ვინძრევით იმიტომ, რომ მიწაში ვართ, მუცლამდე მიწაში," - ამბობს ჯელაძე.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 18-მდეა გაზრდილი. ადგილზე სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მაშველები დაკარგულ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე