რეზონანსი
(06.08.2023)

გრძელდება ძებნის სამუშაოები, სურათი არის მძიმე, ყველა უწყება ჩართულია სამუშაოებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, 80 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება შეფასებებს, ანალიზს, აჯობებს, ამაზე სპეციალისტებმა ისაუბრონ.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა სჯობს, სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, კომპეტენტურმა ადამიანებმა ისაუბრონ ამ ყველაფერზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

„18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი, 18 ადამიანია დაკარგული. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო, დაზიანებებიდან გამომდინარე, დეენემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე