რეზონანსი
(25.07.2023)

აშშ-ის ელჩის განცხადება, რომ სააკაშვილის ლობიზმთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის ვებგვერდზე FARA-ს კანონის მეშვეობით გამოქვეყნებული კონტრაქტი არ უნახავს, ირიბი აღიარებაა, რომ ამ დოკუმენტში სიმართლე წერია, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" „ხალხის ძალის" წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ დოკუმენტს მიღმა კიდევ უფრო მეტი ფაქტია.

„იმდენად აშკარა და თვალნათელი ფაქტებია FARA-ს დოკუმენტში წარმოჩენილი, რომ აშშ-ის ელჩის განცხადება, თითქოს ამ დოკუმენტს არ იცნობს, უსუსური თავის მართლებაა. თუმცა ნორმალური არგუმენტი, რითაც ვინმეს ამ სიტუაციაში თავის მართლება შეუძლია, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ყველაზე „კარგი" გამოსავალია თქმა, რომ არ წაუკითხავს. თან, შეიძლება პირველ დღეს არ წაიკითხო, მეორე დღეს არ წაიკითხო, მაგრამ ამდენი დღე გავიდა - წესით, უკვე უნდა წაეკითხა. თავისთავად, ეს ირიბი აღიარებაა, რომ FARA-ს დოკუმენტში სიმართლე წერია. ასევე, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, ლოგიკურ ვარაუდებზე დაფუძნებითა და გაანალიზებით, რომ ამ დოკუმენტს მიღმა კიდევ უფრო მეტი ფაქტი არსებობს.

ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე სწორედ იმ კანონის, FARA-ს მეშვეობით, რომელიც ემსახურება გამჭვირვალობას, საზოგადოების ინფორმირებულობას და რომელიც სიტყვა-სიტყვით გადმოვთარგმნეთ, საქართველოში კი უწოდეს - „რუსული". თან ეს, ამერიკული კანონი ერთ-ერთი ძალიან მძიმეა (რადგან ითხოვს ქვეყანაში ყველა შესული თანხის აღრიცხვას, აგრეთვე, იმ ხელშეკრულებების აღრიცხვას, რითაც ფულის გაცემა ხდება; იმ მიზნობრიობის დაწვრილებით გაწერას, რაში დაიხარჯა ეს ფული, ვინ არიან მოქმედი პირები და ა.შ) , ჩვენ კი დავაინიცირეთ ზუსტად იგივე კანონი იმიტომ, რომ საკომიტეტო განხილვებზე საზოგადოებისთვის თვალნათლივ გვეჩვენებინა, თუ რა სხვაობა იყო ამერიკულსა და ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონს შორის, რომელიც გამჭვირვალობას ეხებოდა და მხოლოდ უცხოური ფულადი სახსრების რეგისტრაციას ისახავდა მიზნად.

წარმოიდგინეთ, FARA-ს მსგავსი კანონი, რომ ევროპასა და საქართველოში მოქმედებდეს, რამდენი ფაქტის მოწმე გავხდებოდით და რამდენი ინფორმაცია გახდებოდა ცხადი. ჩვენ ახლა ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით ამერიკაში დახარჯული თანხის მსგავსი ან ცოტა მეტი იყო დახარჯული ევროპაში სააკაშვილის ლობიზმის კუთხით, რადგან ევროპარლამენტიდან სამი რეზოლუცია გავრცელდა სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც 44 ევროპარლამენტარი აწერდა ხელს; ქვეყნის შიგნით კი, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, უზარმაზარი მასშტაბის, კოორდინირებული მცდელობა ვიხილეთ", - განაცხადა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე