რეზონანსი
(23.06.2023)

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში მსჯავრდებული ბადრი ესებუას ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, საქმეს საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„დაცვის მხარისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სასამართლო მიმდინარე პროცესის ფარგლებში ამას გააკეთებდა. დაცვის მხარეს აღარ მიეცა სამართლიანი სასამართლოს ჩატარების უფლება და ფაქტობრივად ყველა ის მტკიცებულება, რაც უნდა მოეპოვებინა დაცვის მხარეს, ჯერ ბრალდების მხარემ, შემდეგ სასამართლომ ხელი შეგვიშალა მათ მოპოვებაში. შედეგი რაც დადგა წინასწარ იყო გადაწყვეტილი და ფაქტობრივად, დადგმული სცენარით წარიმართა ყველაფერი. ცხადია, შესრულდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი იყოს ეს, ამიტომაც ჩატარდა ყველა ექსპერტიზა შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფ საექსპერტო ბიუროებში. დაცვის მხარე ცდილობდა, რომ ჩატარებულიყო ალტერნატიული ექსპერტიზები, მაგრამ სასამართლომ ამის შესაძლებლობები ჩვენ არ მოგვცა. ჩვენ ყველა ინსტანცია უნდა გავიაროთ სასამართლოში, ჯერ საქართველოში. დაცვის მხარეს არა აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო რამეს შეცვლის, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წავიღოთ ეს საქმე", - განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ სცნო და 13 წლით პატიმრობა შეუფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე