რეზონანსი
(23.06.2023)

კუბილიუსი მერამდენედ და მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებას და ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიც არის სანქციების გვერდის ავლა, „შავი ხვრელი" და ასე შემდეგ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძეს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო არის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ, რადგან ინფორმაცია არსებობს, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებით „შავ ხვრელად" არის გამოყენებული.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება და საქართველოს მეგობარს ეს არ ეკადრება.

„საქართველო დასანქცირებული არ იქნება, რადგან ქვეყანაში არც ერთი ფაქტია სანქციების გვერდის ავლის. კუბილიუსს მოვუწოდებდი, გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციების გავრცელებით, საქართველოს იმიჯის დაზიანება შეწყვიტოს. კუბილიუსი მერამდენედ და მიზანმიმართულად ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებას და ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიც არის სანქციების გვერდის ავლა, „შავი ხვრელი" და ასე შემდეგ. საქართველოს მეგობარი თუ არის, ეს არ ეკადრება. ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება. რუსეთთან ვაჭრობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროკავშირსაც ეზრდება. საქართველოს შემოსავლების სამსახურს ასეულობით ოპერაცია აქვს გაჩერებული, როცა სანქცირებული საქონელი ევროკავშირიდან საქართველოს გავლით მიდიოდა რუსეთში. ვიდრე საქართველოს ვინმე რამეს დააბრალებს, თავის კომპანიებს მიხედონ. სხვათა შორის, ბორელის განცხადება გაიხსენონ, რომელმაც გულწრფელად თქვა, ვიდრე სხვას მოვთხოვთ პასუხს, მანამდე შიგნით უნდა ვიმუშაოთ, რათა კომპანიებმა სანქცირებული საქონლით რუსეთთან არ ივაჭრონ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე