რეზონანსი
(23.06.2023)

გვარამია ყოველთვის პოლარიზაციის გამღვივებელი იყო, იძახდა ჯოჯოხეთს მოვაწყობ ქვეყანაშიო და ეს იყო კონკრეტული პერსონალების წინააღმდეგაც - არ ვფიქრობ, რომ მისი გამოსვლა მმართველი პარტიისთვის რაიმე პრობლემაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გვარამიას პოლარიზაციის გაზრდის დიდი რესურსი გააჩნია.

"გამომდინარე იქიდან თუ რა პოლიტიკური გემოვნებისაა და რა პოლიტიკასაც ატარებდა ნიკა გვარამია, ის ყოველთვის, პირიქით, იყო პოლარიზაციის გამღვივებელი და ლიდერი. ჩვენ მისი არაერთი განცხადება ვიცით და გვახსოვს, პირდაპირ იძახდა, რომ მოაწყობს ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთს და ეს ჯოჯოხეთი იყო არამარტო ქვეყნის, არამედ კონკრეტული პერსონალების წინააღმდეგაც და ის ამის პროპაგანდას ყოველთვის დაუფარავად ეწეოდა. შეიცვლება თუ არა მისი რიტორიკა, ამას დრო გვაჩვენებს, ყოველ შემთხვევაში პოლარიზაციის გაზრდის ძალიან დიდი რესურსი გააჩნია ნიკა გვარამიას.

მეორე მხრივ, ნიკა გვარამიას გამოსვლა გარეთ არ ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისთვის რაიმე სახის პრობლემას წარმოადგენდეს. მე თუ მკითხავთ, ეს შეიძლება უფრო რადიკალურ ოპოზიციაში გახდეს შიდა დაპირისპირებისა და კონკურენციის საგანი.

მისი საქმიანობა ყოველთვის იყო პოლიტიკური პროპაგანდა, იყო რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის განმსაზღვრელი, რა თქმა უნდა, ის ამას გააგრძელებს, რა გამოუვა და რამდენად იქნება რადიკალური ოპოზიცია მის გარშემო გაერთიანებული, ამას დრო გვიჩვენებს. მე ვფიქრობ, იქნება დაპირისპირება რადიკალურ ოპოზიციაში," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე