რეზონანსი
(23.06.2023)

ცოტა ხნის წინ საშინელი ბრალდება წამიყენა ქალბატონმა მირანდამ, ბავშვების მკვლელებიო, მკვლელები ხართ თქვენ, ასეთ რაღაცებში თქვენ გედებათ ბრალი და ჩემკენ ძალიან გთხოვთ ნუ იშვერთ ხელს, - ასე მიმართა „საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ პროკურორ მირანდა წერეთელს, რომელმაც დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა, რომ ერთ-ერთ დაზარალებულს, რომელიც ბანკზე თავდასხმის დროს ორსულად იყო, მიღებული სტრესის შედეგად მუცელი მოეშალა.

მისი თქმით, ცრუ ბრალდებებისთვის ყველას პასუხი მოეთხოვება.

„ბევრი რამე მაქვს სათქმელი, საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. 2 წელზე მეტია ეს ადამიანები გაიძახიან, რომ მე რაღაც საშინელებები ჩამიდენია და მაბრალებენ. ის თუ წამოსცდენიათ თვითონ რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი?! ცოტა ხნის წინ საშინელი ბრალდება წამიყენა ქალბატონმა მირანდამ, ბავშვების მკვლელებიო და ასეთ რაღაცებში თქვენ გედებათ ბრალი და ჩემსკენ ძალიან გთხოვთ ნუ იშვერთ ხელს. ჩემი ოჯახი ისე დაატერორეთ, ჩემი ძმა დააჭერინეთ, მამაჩემს დაარბენინებდით, ცხრაჯერ აქვს ინსულტი გადატანილი, ჩემს მოსაძებნად დაარბენინებდით. ჩემი მეორე ძმა, რძალი ბავშვებიანად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეთ. 5 თვის ბავშვი არ დაინდეთ თქვენ და თქვენ ვის დანაშაულზე ლაპარაკობთ? ეს არის უკვე პიკი, ასეთ ბრალდებას რომ ადამიანს უყენებთ. ყველამ იცის რაც გაქვთ გაკეთებული და რასაც აკეთებს თქვენი სისტემა, პროკურატურა, პოლიცია და სასამართლო. ძალიან გთხოვთ, ასეთ ცრუ ბრალდებებს დაანებეთ თავი და თქვენს თავს მიხედეთ. ეს არის ზღვაში წვეთი რაც მაქვს სათქმელი ამათ დანაშაულებზე. ამაზე ყველას მოგიწევთ პასუხისგება და პასუხის გაცემა რაც გაქვთ ჩადენილი, ამის პირობას მე გაძლევთ. თქვენ ხართ კანონს ამოფარებული, ბოროტმოქმედი კრიმინალისტები ,"- განაცხადა ბადრი ესებუამ.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გამო 4 წელი აქვს მისჯილი. საქმე ეხება 2023 წლის 8 თებერვალს, ჯიხაშკარში, ესებუას დაკავების დროს აღმოჩენილ იარაღს.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე