რეზონანსი
(22.06.2023)

რუსთავის ნომერ მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერები იკრიბებიან.

ამ დროისთვის ნიკა გვარამიას შეწყალების შემდგომი პროცედურების გავლა უწევს და ის რამდენიმე წუთში დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც მას გულშემატკივრები ელოდებიან.

სავარაუდოდ, პრეზიდენტის შეწყალების აქტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებას ფაქსით მიეწოდება.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საპატიმრო დაწესებულებაში შეწყალების აქტი უნდა მოვიდეს და ამ მომენტიდან გვარამიამ უნდა დატოვოს ციხე.

„ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ რომ დიდი ხანი ველოდით ამ დღეს. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მადლობა მას ამ გადაწყვეტილებისთვის, არა იმიტომ რომ ნიკა გვარამიას თავისუფლების საკითხი გადაწყვიტა, არამედ იმიტომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება.

ალბათ, დიდი დრო დასჭირდება მას წიგნების შესაგროვებლად და ჩასაბარებლად",- განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "მთავარის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

ცნობისთვის, 19 ივნისს, „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე