რეზონანსი
(22.06.2023)

ივნისის დასკვნამ გამოკვეთა 12 მოსაზრება. ჩვენ ვხედავთ რომ მათგან სამი შესრულებულია, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვარჰეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა.

„პირველი - გენდერული თანასწორობა, ბრძოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. მეორე - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება. მესამე, სახალხო დამცველის დანიშვნა გამჭვირვალე პროცესით. 12 პრიორიტეტიდან შვიდი მიმართულებით საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია: პოლარიზაციის მიმართულებით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირების მიმართულებით და საარჩევნო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმების სტრატეგიის მიღებისა და განხორციელების კუთხით, ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით, მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, პარლამენტის წევრების უმეტესობამ დაასრულა თავისი ბოიკოტი და გარკვეული კანონის მიღება პარლამენტში მოხდა ინტერპარტიული მხარდაჭერით. საქართველომ უნდა უზრუნველყოს პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობა, დაასრულოს მკაცრი რიტორიკა და პატივი სცეს პოლიტიკურ შეთანხმებებს, მათ შორის იმ შეთანხმებას, რომლის მიღწევაც ევროკავშირის უშუალო მონაწილეობით მოხდა და ევროკავშირის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება ჰქვია", - აღნიშნა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე