რეზონანსი
(15.03.2023)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 17 მარტს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლიეს.

ამასთან, ბრალდების მხარეს მოწმეები, გამომძიებლები და ექსპერტები ჰყავდა წარმოდგენილი.

სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

საქმის პროკურორის მირანდა წერეთლის შეფასებით, ბრალდების მხარემ დღეს ნაყოფიერად იმუშავა და სასამართლოს მტკიცებულებები წარუდგინა.

"10- ზე მეტი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის იყო დაზარალებული დავით ვიბლიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც ვთვლი, რომ ხელს შეუწყობს ჭეშმარიტების დადგენას. მან ობიექტურად მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელიც არ განსხვავდებოდა სხვა დაზარალებულების და სხვა მოწმეების მიერ მიცემული იმ ჩვენებებისგან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ამ ფაქტის შემსწრე და მონაწილენი. ასევე ჩვენ გამოვკითხეთ ექსპერტები, ექსპერტებმა დეტალურად მიაწოდეს სასამართლოს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებულ იმ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. დეტალურად აღწერეს კონკრეტულად რა ნიმუშები, რა სახით, რა ფორმით იქნა აღებული, დაადასტურეს მათი ავთენტურობა და ის, რომ ნიმუშები იქნა დალუქული და ხელმოწერილი ყველა მონაწილის მიერ", - განაცხადა მირანდა წერეთელმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე