რეზონანსი
(15.03.2023)

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე ერთ-ერთი მოწმე დავით ხვიბლიანი გამოიკითხა. ხვიბლიანი საქართველოში არყოფნის გამო სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო.

სწორედ ის მართავდა ავტომობილს, რომლითაც ,,საქართველოს ბანკიდან" გამოსვლის შემდეგ თავდამსხმელი მძევლებთან ერთად სამეგრელოს სოფლების მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მან ბანკზე თავადასხმის დღე გაიხსენა.

,,შენობაში ქაოსი და დაძაბულობა იყო. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ადამიანი იყო მძევალი. თქვა, რომ ძარცვა იყო და ბანკის მენეჯერს ითხოვდა. აგვიყვანა მესამე სართულზე, მის მიერ შერჩეულ ოთახში შეგვიყვანა. ერთ ხელში ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა, მეორეში კი ხელყუმბარა. ჩემი ტელეფონიდანაც დაირეკა 112-ში, რომ გაეგოთ ძარცვა იყო და დასახელდა თანხა. ის ითხოვდა 500 000 ამერიკულ დოლარს. ითხოვდა ტელევიზიებთან დაკავშირებას. რატომ ითხოვდა ამ თანხას, მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ითხოვდა უსაფრთხოდ გასვლას. მოგვიანებით ავთანდილ გალდავა დამიკავშირდა, მკითხა თუ როგორ ვიყავით. გალდავას საუბარი მძარცველს ესმოდა,მძარცველმა იკითხა, თუ როდის მოიტანდა დასახელებულ თანხას. გალდავამ უთხრა, რომ მოვიდოდა, თანხას მოიტანდა თვითონ, ოღონდ მძევლებისთვის არაფერი არ უნდა დაეშავებინა. მას შემდეგ, რაც მძარცველსა და გალდავას შორის საუბარი შედგა, რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა. გალდავამ მოიტანა ჩანთით თანხა, ჩანთა გაახსნევინა და თანხა ნახა. მძევლები გაუშვა - მე, კიდევ ორი მძევალი და ავთანდილ გალდავა დაგვტოვა. ამოიღო ე. წ. ,,ჟგუტი" ორი მძევალი ერთმანეთს გადააბა, მერე თოკი გამოიტანა, გალდავას გამოაბა მაჯაზე და თვითონ გადაიბა იმ ხელზე, რომელშიც ხელყუმბარა ეჭირა.

როგორც მახსოვს პირველად სქურისკენ წავედით, წალენჯიხის მიმართულებით. თანხა მე მქონდა ხელში და პირველი მე ჩავჯექი მანქანაში, უკანა მხარეს, მაგრამ მითხრა, რომ საჭესთან დავმჯდარიყავი. თანმიმდევრობა თუ ვინ როგორ იჯდა არ მახსოვს. თავდამსხმელი ჩემს უკან არ იჯდა.

თვითონ გვითითებდა თუ საით წავსულიყავით. გალდავას ეუბნებოდა, რომ არავინ არ უნდა გამოგვყოლოდა უკან. როცა შენიშნა, რომ ჩვენი მიმართულებით უცნობი მანქანა გადაადგილდებოდა, გაღიზიანდა, გაისროლა კიდევაც. რამდენიმე მდინარე გავიარეთ. ბოლოს, რომ გავჩერდით, თანხა თავის ჩანთაში გადაიტანა. ის ჩანთა კი, რომლითაც გალდავამ თანხა მოიტანა, დამასველებინა და მომთხოვა წინა და უკანა სავარძლების გაწმენდა და ასევე სახელურების", - განაცხადა სასამართლოში მოწმემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე