რეზონანსი
(15.03.2023)

საქართველოს მოსახლეობამ ზეპირად იცის ის გვარები და სახელები, რომლებიც ბოლო 10 წელია ევროპარლამენტში ერთ პარტიას ლობირებენ. არის გონივრული ეჭვი, რომ სხვა დამოკიდებულება და ანგარიშვალედბულებებია ამ პარტიასა და იმ ევროპარლამენტარებს შორის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

„რომელი ქართველი გაიზიარებს იმ პათოსს, რომ თურმე, კეზერაშვილი პოლიტდევნილია და სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, ეს ჩაწერეს რეზოლუციაში. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ ამ ე.წ. ფასიანი ლობისტების ან რეკომენდაცია, ან შენიშვნა, ან მოსაზრება. ისინი არიან ამ გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი განაყოფი. შიგნით არიან „ნაც-რადიკალები" იქიდან ევროპარლამენტარები, ეს ფასიანი ლობისტები და უტევენ საქართველოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი ნარატივი, მათი მცდელობები, რომ ქუჩაში გამოიყვანონ საზოგადოება, ფუჭია. რამდენი მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არ წამოეგო პროვოკაციას, რადგან იციან, რომ ევროინტეგრაციის გზაზე „ქართულმა ოცნებამ" გააკეთა შემდეგი: უვიზო მიმოსვლა ჩვენ დროს მივიღეთ, მეორე ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, მესამე ეს არის სტატუსი, რომელიც მივიღეთ ევროინტეგრაციის გზაზე და ველოდებით კანდიდატის სტატუსს, რომელიც დამსახურებულად გვეკუთვნის. სტატუსი რომ გვეკუთვნის, ეს ხომ რამდენიმე კვირის წინ თვითონ ევროკომისიამ დაადასტურა, როდესაც გამოაქვეყნა ის შკალები, სადაც რეფორმებში, მიდგომებსა და იმ გადაწყვეტილებებში, რაც მთავრობამ და პარლამენტმა მიიღო, თურმე, მათ შორის მოლდოვას და უკრაინას ვუსწრებთ, მაგრამ კანდიდატის სტატუსი საქართველო მაინც ვერ მიიღო, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დარწმუნებული ვარ, ამ შეცდომას გამოასწორებს მიმდინარე წელს ევროკომისია და დიახ, საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მე ამის მოლოდინი მაქვს", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე