რეზონანსი
(15.03.2023)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით „ქრონიკასთან" კომენტარი გააკეთა. როგორც ზარქუამ აღნიშნა, ოპონენტების ამოცანა რადიკალიზაცია და საზოგადოების პოლარიზებაა, რომ როგორმე გადატრიალება მოახდინონ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ.

„რადიკალური ოპოზიციის ამოცანაა კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია, საზოგადოების გახლეჩა და რაიმე საბაბის მოძებნა, რადგან ჰგონიათ, რომ ხალხს გამოიყვანენ ქუჩაში და გადატრიალებას მოახდენენ. ამის გაგრძელება ის, რომ „ორი გვამის" ავტორმა ვანო მერაბიშვილმა ბრძანა გადატრიალების [შესახებ] და რომ პროუკრაინული მთავრობა უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, რათა ჩვენ სამხედრო კუთხით ვითანამშრომლოთ უკრაინასთან. 12-პუნქტიან გეგმას ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ბოლომდე მივიყვანთ და ვერასდროს ეს მავნებლები ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. ამის გარანტია არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. 12 პუნქტის არცერთ განხილვაში არ მიუღია მონაწილეობა რადიკალურ ოპოზიციას. არც ახლა აპირებენ, უფრო მეტიც - ისინი უკვე წინააღმდეგობაში შევიდნენ რეკომენდაციებთან და ამბობენ - რაში გვჭირდება დეოლიგარქიზაცია. იმიტომ ამბობენ ამას, რომ ერთი ერთში ჯდებიან მათი დამფინანსებლები ამ კრიტერიუმში, ამიტომაც უკრაინული მოდელი აღარ მოსწონთ. მათ მოუწევთ ამ კანონის მიღება, ჩართულობა. ჩვენ უნდა შევასრულოთ 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ დამსახურებულად მიიღოს", - განაცხადა ზარქუამ.

საქართველოს ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს, თუმცა ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას" თორმეტივე რეკომენდაციის შესასრულებლად ვადას 9 აპრილამდე აძლევს. „ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციებსაც აანონსებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე