რეზონანსი
(15.03.2023)

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, გასაჩივრების უფლების საკითხზე და ზოგიერთი ტერმინოლოგიის უფრო დეტალიზებაზე თავის დროზე „ქართული ოცნებაც" საუბრობდა.

„მაშინ [როდესაც პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობდა] ვთქვით, რომ ვინაიდან არ გვინდა იყოს რაიმე ეჭვი, თითქოს ვცდილობთ უკრაინული კანონის საქართველოზე მორგებას, გვინდოდა, რომ სიტყვასიტყვით ყოფილიყო გადმოტანილი ეს ტექსტი და შემდეგ ვენეციის კომისიას ემსჯელა ამასთან დაკავშირებით.

ვინც ახლა ამ მხრივ აქტიურობს, ამ ჯგუფიდან დღემდე არცერთი არ იყო ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში. აქამდე მათი ქცევა სრულად იყო მიმართული 12 პუნქტის შესრულების ჩაშლისკენ. ახლაც ცდილობენ, რომ ჩაშალონ ამ პუნქტების შესრულება, ამიტომ აქ ახალი არაფერია", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

14 მარტს პარლამენტმა ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის კანონპროექტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე