რეზონანსი
(15.03.2023)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების 2022 წლის 14 დეკემბერსა და 2023 წლის 15 თებერვალს სოციალური ქსელის „Facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.

"სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებისა და მოწოდებული ინფორმაციის, ურთიერთშეჯერებისა და საერთო ანალიზით დადგინდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში" ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა მაღალი საჯარო ინტერესის დასაცავად, რაც კანონის მე-5 მუხლის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საფუძველს.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს გააჩნდა ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისთვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი, თუმცა მონაცემების დამუშავების კანონიერებისათვის აუცილებელი წინაპირობაა მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვაც. კანონის მე-4 მუხლის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდება ისინი.

სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ „Facebook"-ის ოფიციალურ გვერდზე 2022 წლის 14 დეკემბერს გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერებიდან - კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნის გარეშე გამჟღავნებული - მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველი ეპიზოდის (2022 წლის 9 აგვისტო), ვიდეოთვალთვალის შესახებ მიხეილ სააკაშვილის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ინფორმირების, სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების ადგილზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის მეშვეობით განხორციელებული ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით შენახვისა და გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსებისა და სამედიცინო პერსონალის წერილობითი ინფორმირების გარეშე ვიდეოთვალთვალის განხორციელების ფაქტებზე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 44-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე