რეზონანსი
(15.03.2023)

დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც არის კერძო საკუთრებაში, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, მესაკუთრეებს შესთავაზებებ, სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით K-2 კოეფიციენტის მომატებას.

„გაგაცნობთ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც უკავშირდება სამშენებლო პარამეტრების მატების შესაძლებლობას. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, როგორც იცით, არის რეკრეაციული სივრცეების არა მარტო შენარჩუნება, არამედ ახალი სივრცეების შექმნა. სწორედ ამ მიზნით, იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც არის კერძო საკუთრებაში, თუმცა საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების - ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედანის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, ჩვენ აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს შევთავაზებთ, სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით K-2 კოეფიციენტის მომატებას. ამ პროცესით, ერთი მხრივ, დედაქალაქს მიეცემა შესაძლებლობა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მოაწყოს ახალი რეკრეაციული სივრცე, ხოლო მეორე მხრივ, დაცული იქნება მესაკუთრის კანონიერი ინტერესები და მას ამ მიწის სანაცვლოდ, მიეცემა უფლება, სხვა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე გადაამეტოს K-2 კოეფიციენტი.

აქვე აღვნიშნავთ და კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ K-2 კოეფიციენტის მატება ყველა შემთხვევაში არ მოხდება. ეს პროცესი შეეხება მხოლოდ იმ მიწებს, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი. ანუ, თუკი ეს მიწა გამოყენებული იქნება მხოლოდ რეკრეაციული სივრცეების მოწყობისთვის და ამ მიწის გამოყენებით დაინტერესებული იქნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე