რეზონანსი
(14.03.2023)

საჯარო განცხადებების ფონზე საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება. ამის შესახებ საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნაში წერია.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხისადმი ორი მიდგომა არსებობს.

პირველია სისტემური მიდგომა, რომელსაც პრევენციული ეფექტი აქვს და ბევრ სფეროს ეხება, მაგალითად მედიასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, ანტი-მონოპოლიას, პოლიტიკურ პარტიებს, არჩევნებს, გადასახადებს, კორუფციისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სფეროებს.

მეორეა "პერსონალური" მიდგომა, რომელიც მიზანში იღებს ხალხს, რომლებიც გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად (სიმდიდრე, მედიის ფლობა) შესაძლოა "ოლიგარქებად" კვალიფიცირდნენ. ასეთი მიდგომა ამ ხალხის მიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს.

ვენეციის კომისიის თანახმად, "პერსონალურ" მიდგომას უფრო სადამსჯელო ხასიათი აქვს და ადამიანის რამდენიმე უფლების დარღვევის რისკს იწვევს, თუ სათანადო დონის სასამართლო პროცესის გარანტიები არ არის არსებობს.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ უპირატესობას სისტემურ მიდგომას ანიჭებს, მაშინ როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანონპროექტი "პერსონალურ" მიდგომას ეყრდნობა.

"ვენეციის კომისია სისტემურ მიდგომას უფრო ემხრობა, რომელიც კანონმდებლობისა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე ინსტიტუტების გაძლიერებას მოიცავს, და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების საშუალებას იძლევა", - წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციის კომისია კატეგორიულად არ უარყოფს "პერსონალური" მიდგომის ყველა ელემენტს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა მყარ პროცედურულ გარანტიებს საჭიროებს, რათა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევების პრევენცია მოხდეს.

"ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა და მაღალი რისკების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ [საქართველოს] კანონპროექტში მიღებული "პერსონალური მიდგომა", რომელიც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავს პირებს და მათ სტიგმატიზაციას ახდენს, დიდ რისკს მოიცავს, რომ დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად მოხდება ადამიანის უფლებების დარღვევა. კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მიღების შემდეგ იგი ოპოზიციაზე გავრცელდება", - წერია დასკვნაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე