რეზონანსი
(14.03.2023)

ბურთი საქართველოს მოედანზეა, საქართველოს მთავრობაზე, მაგრამ ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე, პარლამენტზე, სამოქალაქო ჩართულობაზე. კანდიდატის სტატუსზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ცხადია, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები 12 მიმართულებით, რომელიც ჩვენ მიერ მკაფიოდ იყო ხაზგასმული, - ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა, კატერინა მატერნოვამ განაცხადა.

„მე ვმუშაობ ევროპულ კომისიაში, რომელიც არის ევროკავშირის ინსტიტუტების აღმასრულებელი ორგანო და არის ის, ვინც ამზადებს მოსაზრებებს და წარუდგენს წევრ სახელმწიფოებს დასამტკიცებლად. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა, საქართველოს მთავრობაზე, მაგრამ ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე, პარლამენტზე, სამოქალაქო ჩართულობაზე, რომლის მხილველიც ვართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იკითხეთ კანდიდატის სტატუსზე, ვერ ვისაუბრებ წინასწარ, დღეს ძალიან რთულია განსჯა, მაგრამ ცხადია, რომ ჯერ კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები 12 მიმართულებით, რომელიც ჩვენ მიერ მკაფიოდ იყო ხაზგასმული", - განაცხადა მატერნოვამ.

მისი თქმით, წელს პირველად, შემოდგომაზე საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად იქნება გაფართოების პაკეტის შეფასებაში.

„ამასთან, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა და წელს პირველად, შემოდგომაზე, საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად იქნება გაფართოების პაკეტის შეფასებაში. ეს არის პერსპექტივის მქონე ყველა ქვეყნის, დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის, თურქეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის ძალიან დეტალური შეფასება. ასე რომ, იქნება დაწვრილებითი შეფასება, სად დგას საქართველო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეიდან შემოდგომამდე საკმარისი იქნება გაკეთებული კანდიდატის სტატუსის მისაღებად, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა მატერნოვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე