რეზონანსი
(14.03.2023)

ადამიანები ქუჩაში გაიყვანეს, დააჯერეს, რომ ეს არის რუსული კანონი და აღმოჩნდა, რომ ამ კანონზე დღეს ევროკავშირი საუბრობს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ კანონპროექტთან დაკავშირებით უამრავი მითი შეთხზა.

„მოსახლეობას ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ „ფარა" ნიშნავს მხოლოდ მტრული სახელმწიფოების იქ შეყვანას. მაგალითად უკრაინის ხელისუფლება, საფრანგეთის ერთ-ერთი სააგენტო, იაპონიის საელჩო, დიდი ბრიტანეთის საელჩო „ფარა"- ში არიან რეგისტრირებული, მტრები არიან ამერიკის?! ერთ-ერთი მითი, რომლითაც შეთხზეს ამბავი, რომ თითქოს ეს კანონპროექტი არ არის ამერიკული მოდელი, დააჯერეს რომ თითქოს მტრულ სახელმწიფოებს უპირისპირდება. ატყუებდნენ საზოგადოებას მაშინ, როდესაც ეუბნებოდნენ რომ თითქოს ამერიკაში მხოლოდ მტრული სახელმწიფოების დაწესებულებები შეჰყავთ და „ფარაში" არეგისტრირებენო", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორისწერილი გაუგზავნა, რომელშიც საქართველოს პარლამენტში წარდგენილ ორ კანონპროექტზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის" შესახებ კანონპროექტებზე დასკვნის მომზადებას სთხოვს.

თუმცა, ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა და საბოლოოდ „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი გაწვეულია „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე".

10 მარტს კი, პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე