რეზონანსი
(12.03.2023)

28 თებერვალს, გორში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას დაშავებული ვანო ღვინიაშვილის ახლობლებმა სამხედრო ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღვინიაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ღვინიაშვილი, რომელსაც 12 დღეა, ჰოსპიტალში ინტენსიური მკურნალობა უტარდება, უდანაშაულოა და მისი მხრიდან ბრალდებულის მიმართ თანხის გამოძალვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, 28 თებერვალს გორში მომხდარი შემთხვევის დროს, ბრალდებულმა ნიკა საბაშვილმა მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ღვინიაშვილის და მისი თანმხლები ნიკა კობერიძის მიმართ სროლა განახორციელა, რა დროსაც კობერიძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ღვინიაშვილმა კი მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ამ დრომდე მკურნალობა უტარდება.

მომხდარ ფაქტზე დაკავებულ ნიკა საბაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, პარალელურად, ფულის გამოძალვის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და სამართალდამცავებმა ერთი პირი - რატი მამედოვი დააკავეს.

ბრალდებული საბაშვილის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მამედოვი და სროლის დროს დაშავებული პირები ავტოსახელოსნოში დასაქმებული ოჯახის სამ წევრს - მამას და შვილებს ფულს სძალავდნენ და ემუქრებოდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე