რეზონანსი
(09.03.2023)

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა ავტომობილი გადაატრიალეს. მომიტინგეებმა ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.

მანამდე სპეცრამზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენა. ისმოდა პოლიციელთა მხრიდან ხმოვანი სიგნალებით გაფრთხილებები დაშლის თაობაზე. 

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კარი შეამტვრიეს და დაიკავეს გალერეის პირველი საგამოფენო დარბაზი, სადაც განთავსებულია ფიროსმანის მუდმივმოქმედი გამოფენა.

მუზეუმის ცნობით, ექსპონატები არ დაზიანებულა, ხოლო აქციის მონაწილეები მომდევნო რამდენიმე წუთში საგამოფენო სივრციდან გაიყვანეს.

„შემთხვევის ადგილზე იყვნენ კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკა ახალბედაშვილი.

ვინაიდან გალერეის მოცემული სივრცის კარი დაზიანდა, მიღებულია გადაწყვეტილება ფიროსმანის, ზდანევიჩის, ქობულაძის, სიდამონ-ერისთავის ნახატებისა და სხვა ექსპონატების საცავებსა და დაცულ საგამოფენო სივრცეებში დროებით გადატანის შესახებ“, -აღნიშნულია განცხადებაში.

ამის შემდეგ დემონსტრანტების მცირე ჯგუფმა ფილარმონიის მიმდებარედ გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ბარიკადების აღმართვას ცდილობდნენ.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისგან გაწმენდილია. აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ დატოვეს ტერიტორია, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმი მათი მიმართულებით დაიძრა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილთა ნაწილმა დაამტვრია სკამები, დაწვა ნაგვის ურნები და დააზიანა ავტომობილები. მათ დაწვეს სავარაუდოდ, სამართალდამცველების კუთვნილი ავტომობილიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე