რეზონანსი
(08.03.2023)

დღევანდელი აქცია საზოგადოების პასუხია გუშინდელ, გავრილოვის ღამე 2-ზე, რომელიც მოაწყო რუსულმა ოცნებამ. ეს არის ქართველი ხალხის პასუხი. პასუხი, რომ არა რუსულ კანონს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოების არჩევანია ევროპა.

„ჩვენ გვინდა ევროპაში, გვინდა უკრაინის გამარჯვება, გვინდა ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ჩვენ ყველას ერთად გვინდა ევროპულ საქართველოში ცხოვრება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ წლების განმავლობაში მოახერხა და ახერხებდა ბიძინა ივანიშვილი, წარმატებით დააპირისპირა ქართველი ხალხი ერთმანეთს. მისი მთავარი ამოცანა იყო ხალხის დაყოფა, გახლეჩა და გათითოკაცება. დააპირისპირა მეგობრები, მეზობლები, ახლობლები და ცდილობს, ყველა გადაკიდოთ ერთმანეთს. ამ ადამიანს ამ წლის განმავლობაში არ უშენებია ერთობა, არ უშენებია ქართველი ხალხის კეთილდღეობა. დღეს თქვენი აქ მოსვლით ყველაფერი თავზე ენგრევა ბიძინა ივანიშვილს, არაფერმა არ შეგაშინოთ, ხელები არ ჩამოუშვათ არავითარ შემთხვევაში. ვერ უნდა მოახერხონ თქვენი დაბულინგება, რომ იმასთან ერთად, ამასთან ერთად დგახართ. თქვენ დგახართ ქვეყნის ევროპულ მომავალთან, თქვენი შვილების, თქვენი მომავლის კეთილდღეობასთან ერთად და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი. ამ წლების განმავლობაში, რასაც აკეთებს რუსი ოლიგარქი, დაწყებული გელათის განადგურებით, გაგრძელებულო ჯვრის მონასტრის ფაქტობრივ განადგურებამდე მიყვანით, გაგრძელებული საყდრისის აფეთქებით, რუსული კანონის მოღებით, ეს არ უნდა შევარჩინოთ. გამოიყენეთ პოლიტიკოსები ინსტრუმენტად. შეხედეთ პოლიტიკოსებს, როგორც ინსტრუმენტს თქვენს ხელში, რომ საბოლოო ჯამში თქვენი ევროპული მომავალი იყოს უზრუნველყოფილი. ძალა ხალხშია, ღმერთმა დალოცოს საქართველო", - განაცხადა ხაბეიშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე