რეზონანსი
(08.03.2023)

„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" წევრის, ცოტნე კობერიძის ინფორმაციით, გუშინ აქციაზე დაკავებულ პარტიის ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მას დაზიანებები აქვს მიყენებული. ამის შესახებ კობერიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში გამართულ სამი პარტიის „დროას", „სტრატეგია აღმაშენებლისა" და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დღეს ზურაბ ჯაფარიძე თავს უკეთ გრძნობს და მასთან ადვოკატები იყვნენ მისულები.

„ზურაბ ჯაფარიძე, რომლის მთავარი იარაღი ყოველთვის იყო საუბარი, ამ იარაღით მივიდა სპეცრაზმელებთან, პოლიციელებთან და ამ იარაღს იყენებდა. მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ხელკეტი და მას მიადგა ფიზიკური ზიანი, მას ურტყეს და დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძესთან არიან შესულები ადვოკატები, მისი მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე გუშინ, მაგრამ აქედანვე უნდა იცოდეთ მარტივი პასუხი, როცა საუბარს პასუხობთ თქვენ ხელკეტით, ვერასდროს ვერ მოიგებთ, ეს ომი იქნება მოგებული ქართველი ხალხის მიერ, იმ ხალხის მიერ, ვისთვისაც დასავლეთი არის ფუნდამენტური არჩევანი. აქ არავის არც წყლის არ ეშინია, არც დარბევის, არც ცრემლების და გაზის. ეს ცრემლები გადაიქცევა ბედნიერების ცრემლებად, როდესაც დასავლეთის ნაწილი გავხდებით.

დღეს უფრო მეტ მოქალაქეს ველოდებით. მე ყოველთვის მიკვირს, რატომ არის ხელისუფლება ისეთი იდიოტი, როცა ვერ ხვდება, რომ თუ ძალას გამოიყენებს, ეს ძალა კი არ დაგვაშინებს, პირიქით, მეტ სტიმულს მოგვცემს, რომ აქციაზე ვიყოთ. რომ ამბობენ ხოლმე, სად არიან ახალგაზრდებიო?! აქ არიან, გუშინ იყვნენ და მეტნი ვიქნებით დღესაც, ხვალაც და ზოგადად",- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე