რეზონანსი
(08.03.2023)

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და სხვა დემონსტრანტების მიმართ განხორციელებულ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ტარდება.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან, 2023 წლის 7-8 მარტს, ქალაქ თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის დროს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე