რეზონანსი
(07.03.2023)

უმძიმესი ავარია მოხდა თბილისში, კალოუბნის ქუჩაზე, რაც სამწუხაროდ ტრაგედიით დასრულდა. როგორც ცნობილია, მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. შეჯახების შედეგად 22 წლის ახალგაზრდა, გიორგი ციმინტია გარდაიცვალა. სიკვდილს გადაურჩა ციმინტიას ნათესავი ბიჭი, რომელიც მოპედზე მასთან ერთად იჯდა და მას ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.

გიორგი ციმინტია წარმოშობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯვარიდან არის. მისი ოჯახი წლებია თბილისში ცხოვრობს, ჰყავს მშობლები და ერთი და. მასზე წარსულში საუბარი ყველას უჭირს. `

"ბაღიდან მოყოლებული ერთად გავიზარდეთ, მთელი 19 წელი ერთად ვიყავით და ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ჩემთვის. გიორგი ჩემი უკარგესი მეგობარი იყო, ძალიან კარგი ადამიანი, მუდამ მხიარული და სიცოცხლით სავსე. ყოველთვის ერთად ვერთობოდით. გუშინაც ველაპარაკე, ტელეფონით ვისაუბრეთ, მუსიკა გამიზიარა და მითხრა, რომ ის სიმღერა მომესმინა. 

ყველაზე გულიანი, კეთილი, თბილი და ენერგიული ბიჭი იყო. საოცარი იუმორი ჰქონდა, სულ ხუმრობდა, არასოდეს მინახავს დამწუხრებული, მოწყენილი. მიუხედავად იმისა რომ გულში ბევრ რამეს იკლავდა. გიორგი ჯერ დაოჯახებული არ იყო, შეყვარებული ჰყავდა. წინ ლამაზი და ბედნიერი დღეები უნდა ჰქონოდა და უცებ ეს დიდი უბედურება დატრიალდა. 

"ისთფოინთში" მუშაობდა, პიცერიაში. სამეგრელოდან ჩამოსული ნათესავის დასახვედრად წავიდა. ძალიან უხაროდა, რომ ჩამოვიდა და როგორც გავიგეთ, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ამბობენ, ჩაფხუტი არ ჰქონდა კარგად დამაგრებული, თორემ გადარჩებოდაო. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს ცოცხალი იყო, სამწუხაროდ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნახევარ საათში გარდაიცვალა. მასთან ერთად მოტოციკლზე მყოფ ბიჭს კი ტვინის შერყევა აქვს მიღებული. ძალიან გვატკინა გული და დიდი დანაკლისია ყველასთვის, ძალიან განვიცდით",- ყვება ჩვენთან საუბარში გიორგი ციმინტიას მეგობარი.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე