რეზონანსი
(06.03.2023)

როცა გვეკითხებიან - "რატომ არ მოგწონს, ეს ხომ გამჭვირვალეობაზეა", ეს არის აბსურდი, ეს არ არის გამჭვირვალეობის კანონი, ეს არის შპიონების კანონი, რომელიც მათი აზრით, უნდა იყვნენ გამჭვირვალეები - ეს არის სახიფათო თამაში ,- ამის შესახებ ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ასეთი გზა გაიარა რუსეთმა.

ტუღუში ამბობს, რომ ამ კანონპროექტის მიღებით, საქართველოს ეროვნული ინტერესი დაზიანდება, დარტყმის ქვეშ დადგება დემოკრატია და ევროპული ინტეგრაცია.

"ორი რამეა დღეს დარტყმის ქვეშ. ერთი, ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სამოქალაქო საზოგადოება და მედია. მეორეა, ევროპული მომავალი, რადგან თუ ამ კანონპროექტს მიიღებენ, მაშინ დიდი ალბათობით, შეიძლება უარი მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე. ეს არის ნათელი. ჩვენ გვინდოდა აგვეხსნა, რატომ არ მოგვწონს ეს კანონპროექტი. როცა გვეკითხებიან," რატომ არ მოგწონს, ეს ხომ გამჭვირვალეობაზეა", ეს არის აბსურდი, ეს არ არის გამჭვირვალეობის კანონი, ეს არის შპიონების კანონი, რომელიც მათი აზრით, უნდა იყვნენ გამჭვირვალეები. ეს არის აგენტების კანონი და როცა გეუბნებიან - რა მოხდა, ხომ არსებობს დაზღვევის აგენტი, საფეხბურთო აგენტი და ა.შ. ზღაპარია ეს, რა შუაშია დაზღვევის აგენტი?! საქართველოს მოქალაქეებო, მინდა მოგმართოთ, რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი? ეს ნიშნავს კარგი სიტყვების ერთობლიობას და იმას, რომ პატიოსანი ხალხია? რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ესენი ეჭვმიტანილები არიან სახელმწიფოს ღალატში და როცა ბრაზდებიან, რატომაა რუსულიო - იმიტომ, რომ ეს გზა გაიარა რუსეთმა და ეს რისკები არსებობს. პირველი ნაბიჯები ზუსტად ეს იყო. ვითომ ამერიკული კანონი შემოიტანეს, ყურადღების გადასატანად და გვაშინებენ რატომღაც და ეს კანონი ამერიკაში მუშაობს და საერთოდ გაუგებარია, სისტემურად მიუღებელია, რადგან სულ სხვა სისტემაა იმ კანონში და გვითრევენ დისკუსიებში, ეს არის ზღაპარი, ეს არის ძალიან სახიფათო თამაში, რომელმაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები", - განაცხადა ტუღუშმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე