რეზონანსი
(06.03.2023)

„ნაციონალური მოძრაობა" არ ხართ დღის წესრიგის განმსაზღვრელი. აქ დღის წესრიგი განისაზღვრება კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად და არა „ნაციონალური მოძრაობის" ბინძური წესების თანახმად, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ხატია დეკანოიძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც აგენტების ამერიკული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მან რამდენჯერმე მოუწოდა დეკანოიძეს დამშვიდებულიყო, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი ოხანაშვილის მიმართვის პარალელურად ადგილიდან რეპლიკების წამოძახებას განაგრძობდა.

„ქალბატონო ხატია, თქვენ აქ არ ხართ დღის წესრიგის განმსაზღვრელი. ეს უნდა გაითავისოთ. „ნაციონალური მოძრაობა" არ ხართ დღის წესრიგის განმსაზღვრელი. აქ დღის წესრიგი განისაზღვრება კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად და არა „ნაციონალური მოძრაობის" ბინძური წესების თანახმად. თუ დამშვიდება გინდათ, ცოტა ხნით გაბრძანდით, დამშვიდდით და შემოდით. არ ესწრებოდით კომიტეტს, მოხვედით და ასე უაპელაციოდ, ყველამ თქვენ უნდა გიყუროთ და უკაცრავად, რეგლამენტითა და კონსტიტუციით ვხელმძღვანელობთ. ამიტომ, ხალხს ელემენტარული პატივი ეცით, ვინც 09:30 საათიდან აქ არის. დაელოდეთ თქვენს რიგს, გექნებათ შეკითხვის უფლება.

დამშვიდდი, შენი პარტიის თავმჯდომარეს მოჰკითხე. თქვენობით მოგმართავთ. ლანძღვა-გინებას არავინ არავის აპატიებს და მოღალატეები მოიკითხეთ პარტიაში რუსეთის პასპორტით. ყოველ ჯერზე პროპორციულ პასუხს მიიღებთ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე