რეზონანსი
(05.03.2023)

შაბათის დილით წირვაზე მისულ სასულიერო პირს 42 წლის კაცი თავს დაესხა და დანით 4 ადგილას დაჭრა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ღვთისმსახურის ვინაობა. როგორც გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო" წერს, იგი დეკანოზი ცოტნე თვარაძეა:

„წირვაზე მისულ ცამეტი ასურელი მამის ტაძრის ღვთისმსახურს დეკანოზ ცოტნე თვარაძეს ზურგიდან თავს დაესხა უცნობი პიროვნება და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცივი იარაღით. ამჟამად იგი იმყოფება კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია. მდგომარეობა მძიმეა. გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში. უფალს ვთხოვოთ შეეწიოს მამაოს და გამოაჯანმრთელოს“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს.

42 წლის კაცს ეკლესიაში იცნობენ, ის ტაძართან მდებარე საწყობის დარაჯად მუშაობდა და ეკლესიაშიც ხშირად დადიოდა. "კურიერის" ინფორმაციით, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მძიმე დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. მღვდელმსახურის დაჭრის მომენტში ეკლესიაში მხოლოდ მედავითნე იმყოფებოდა. ხმაურის გაგების შემდეგ ეზოში გამოსულს დამნაშავე გაქცეული, მამა ცოტნე კი, უმძიმესი ჭრილობებით დახვდა. მოტივი ამ დრომდე უცნობია. მრევლი პირადი კონფლიქტის არსებობას გამორიცხავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე