რეზონანსი
(04.03.2023)

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას პასუხობს „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნული კანონი რუსული კანონის სახეს არ მიიღებს.

"რატომ აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს განცდა, რომ კანონპროექტმა შეიძლება ისეთი სახე მიიღოს, როგორც რუსეთში? ერთი საკითხია, რომ განცდა ნაწილობრივ გამოხატულია განცხადებებში, შეშფოთება და დაზღვევის მცდელობაა, რომ ასეთი კანონი არ იქნეს მიღებული, მაგრამ ჩვენ და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვალდებულები ვართ, ამას პასუხი გავცეთ რეალური მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც ნედ პრაისმა თქვა, შეშფოთებულია, რომ ამან შეიძლება ისეთი განვითარება მიიღოს, როგორც რუსეთში. მე აქედან ვეუბნები, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და გამორიცხულია, რომ საქართველო რუსეთს რაიმე საქმიანობაში დაემსგავსოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხისთვის მთავარი ამ ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება იქნება, რაც ასევე უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში", - აცხადებს ვოლსკი.

მისივე თქმით, ქვეყნის სწორი განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, საქართველოსთვის აუცილებელია ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

"საქართველო ვერანაირად ვერ იტყვის უარს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გადადგმულ ნაბიჯებსა და მათ გაგრძელებაზე, ვინაიდან ეს ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. ეს კეკლუცობა და რაღაც საჩვენებელი მიზანი არაა. ეს არის აუცილებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სწორ განვითარებას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ესაა ქართველი ხალხის მოთხოვნა და თუ ვინმე ამ მოთხოვნას დაუპირისპირდება, მას საზოგადოება ხელისუფლებაში აღარ აირჩევს, ეს არის პრიმიტიული ფორმულა", - ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ "ვინც ამ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე