რეზონანსი
(03.03.2023)

„ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი Facebook-ზე ეხმაურება პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამოცხადებაა საჭირო".

„ესენი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უცხადებენ ხელისუფლებას, რომელიც:

აღიარებული მედიატორის როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში;

რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ოკუპაციის შედეგებს იმკის;

რომელმაც EU-ს გაფართოების საკითხებში ევროკომისიის უმაღლესი შეფასება მიიღო უკანასკნელი ანგარიშით;

რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტის თანამონაწილეობით, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით - აზია-ევროპის დამაკავშირებელ საკაბელო ენერგომატარებლის პროექტში საკვანძო როლს თამაშობს;

რომელიც როთშილდების ფინანსური იმპერიის მეშვეობით, აქტიურად შეუდგება საქართველოს - რეგიონული საინვესტიციო და საბანკო ჰაბად გადაქცევას;

რომელიც მესამე წელია, ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის ტემპის ორნიშნა მაჩვენებელს;

რომელიც წელს შეუდგება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც გაზრდის ჩვენი ნავსადგურების ტვირთგამტარობას 24-დან 48 მილიონ ტონამდე წელიწადში;

რომლის სახელისუფლებო ანტიკორუფციული ინდექსი - მოწინავეა მსოფლიოში;

რომელიც ქვეყანაში ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ზრუნავს განვითარებაზე;

რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და საკუთარი ხალხის ინტერესებს ყველა დანარჩენ ვალდებულებაზე მაღლა აყენებს;

რომელიც ცდილობს საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ღია თამაშის წესების საფუძველზე დაამყაროს საპარტნიორო ურთიერთობები;

რომელიც პარტნიორს - მეგობარს უწოდებს, ხოლო აგენტოკრატების მონას - ლაქიას.

ასეთ ხელისუფლებას უცხადებენ დაუმორჩილებლობას, ვინაიდან ასეთ სახელმწიფოში - სამართლიანად ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს", - წერს დავით ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე