რეზონანსი
(01.03.2023)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის აზრით, ბოლო დღეებში უცხოური გავლენის აგენტების შესახებ დისკუსიამ გადაფარა ყველა სხვა საკითხი. ბევრისთვის გაუგებარია, რატომ აიტკივა აუტკივარი თავი ხელისუფლებამ, ან ასე რამ გაამწარათ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.

„ვარდების რევოლუციად წოდებულმა 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალებამ პრაქტიკულად გაანადგურა NGO სექტორი. მათი ყველაზე აქტიური წარმომადგენლები აღმოაჩინა წამყვან პოლიტიკურ თანამდებობებზე. რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსული #1 უფლება დამცველები, იქცნენ #1 უფლება დამრღვევებად. ქართულმა საზოგადოებამ მათ მმართველობას სისხლიანი რეჟიმი უწოდა.

2003 წლის შემდეგ ქვეყანაში გაქრა ის, რასაც ჩვენ დამოუკიდებელ, არაპოლიტიზებულ უფლებადაცვით საქმიანობას ვეძახდით. ის ჩანაცვლდა ენჯეოს სახელით მოქმედი ნაცების პარტიული უჯრედებით. ხელისუფლების მთავარ ძალად ქცეულთა დანარჩენმა წევრებმა გააგრძელეს საქმიანობა იმავე არასამთავრობოების სახელით. კიდევ უფრო გასაკვირია ის ფაქტი, რომ ფონდებმა, რომელთაც კანონით ეკრძალებათ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევა და დაფინანსება, თავზე ნაცარი წაიყარეს და გააგრძელეს ახლა უკვე ოპოზოციონერთა პოლიტიკური დანამატების დაფინანსება, კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით.

ამგვარ ორგანიზაციათა წლიურმა ბრუნვამ მილიონებს გადააჭარბა.

იგივე ეხება პარტიულ მედიასაც, რომლის წარმომადგენლებიც ცდილობენ პოზიციონირებას ე.წ. კრიტიკული მედიის სახელით, თუმცა ყველა ხედავს, რომ ისინი ფაქტობრივად წარმოადგენენ პარტიული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკური ორგანიზაციების პრესცენტრებს. ამიტომაც ამგვარი „არასამთავრობოებისა“ და „დამოუკიდებელი“ მედიის რეიტინგი საქართველოში სულ უფრო და უფრო უახლოვდება ნულს.

ეს ტენდენცია აშკარად გამოჩნდა ორიოდე წლის წინ, როდესაც მედია და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებმა სცადეს ურეიტინგო პოლიტიკური პატიების ჩანაცვლება და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, საკუთარი ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებით, რომელიც იმ ეტაპზე უშედეგოდ დასრულდა. ათასჯერ ნული მაინც ნულია.

„ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, რომელსაც შედეგად უნდა მოჰყვეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა, დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. დაიწყო მათი მხრიდან იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება აქ რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობს, ვინაიდან 10-11 წლის წინ პუტინის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მსგავსი კანონი იქნა მიღებული რუსეთშიც.

არასამთავრობოთა ამ ჯგუფს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბროთ, არ სურს დაინახოს ხელისუფლების ლოგიკური შიშები, რომ უცხოელი პატრონების მიერ დაფინანსებული ე. წ. ნეიტრალური, მიუკერძოებელი, არაპოლიტიკური უფლებადამცველების სახელით მოქმედი მედია და ენჯეოები რეალურად არა მხოლოდ ანტისახელისუფლებო, არამედ ხშირად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებითაც გამოირჩევიან. მათი დამფინანსებლების მიზნები კი ხშირად შეიძლება სულაც არ იყოს კეთილშობილური და ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მორგებული.

ასეთ სიტუაციაში მიგვაჩნია, საზოგადოების ინტერესებშია შეიქმნას გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციათა ერთიანი რეესტრი, რომელშიც ეს ორგანიზაციები მიუთითებენ დონორებს, მათგან მიღებული გრანტების ოდენობას და პროექტის შინაარსს. ასეთის არსებობის შემთხვევაში ყველასთვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იქნება დონორებისგან მიღებული თანხების ოდენობაც მიზნებიც, ამოცანებიც და სამიზნე ჯგუფებიც. ყველას შეეძლება აკონტროლოს, რამდენად ადეკვატურად ასრულებენ ისინი პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

ჩვენი ქვეყანა ორჯერ იყო სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი და ორჯერვე ეს მოხდა გარედან ჩადებული დიდი ფულით. ამიტომ სულ არ არის გასაკვირი, რომ ხელისუფლება ცდილობდეს შემოიტანოს საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. თუმცა, შესაძლებელია, რომ ეს ყოველივე განხორციელდეს უცხოური გავლენის აგენტების ან სხვა მწვავე იარლიკების მიკერების გარეშე“, - წერს ნანა კაკაბაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე