რეზონანსი
(28.02.2023)

ხელისუფლებამ მოიცილა პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩააბარა საავადმყოფოს და თქვა, რომ საავადმყოფოშია და მორჩა, უმკურნალეთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გრიგოლიას თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმს აზრი აღარ აქვს, რადგან მათ მიერ დაწერილ დასკვნებს არანაირი შედეგი არ მოაქვს.

„მას პოსტტრავმული სტრესული აშლილობა საქართველოს პირობებში არ და ვერ მოეხსნება. ხელისუფლებამ მოიცილა პასუხისმგებლობა, ჩააბარა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოს და თქვა: „საავადმყოფოშია და მორჩა, უმკურნალეთ". ერთი საავადმყოფო თუ არ მოგეწონათ, მეორე საავადმყოფოშია. მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ იმ საავადმყოფოში ყველაფერს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას უნდა, რომ გამოაჯანმრთელონ ეს ადამიანი, გამოუშვან იქიდან, თვითონაც უზარმაზარი სტრესის ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ შედეგი გვაქვს სავალალო, 10 თვეა კაცი იმყოფება მრავალპროფილურ, თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო საავადმყოფოში და მისი ჯანმრთელობა უკან-უკან მიდის.

ჩვენ მკურნალი ექიმები არ ვართ და ყოველდღიურად არ შევდივართ მასთან, ყოველდღე არ ვუყურებთ, ისე კარგად არ ვიცით მიხეილ სააკაშვილის ქცევა და სხვა ყველაფერი, როგორც იცის პირადმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა, რომელიც ყოველდღე უყურებს, მაგრამ ჩვენ როცა შევდივართ 2 თვეში ერთხელ ან 4 თვეში ერთხელ, ვხედავთ გაუარესებას და ამ გაუარესებას აღვწერთ, მაგრამ თუ ამ ჩვენს დასკვნებს არანაირი შედეგი არ ექნა, მე ისიც მგონია, რომ საერთოდ აზრიც აღარ აქვს ომბუდსმენის კონსილიუმს. გავა რაღაც პერიოდი, კიდევ შევალთ, კიდევ რაღაცას ვიტყვით და გამოსავალი არ არის.

ახლა ისეთ პირობაშია მიხეილ სააკაშვილი, რომ სასწრაფო, გადაუდებელი და ძალიან ინტენსიური მკურნალობა უნდა დაუწყო, რათა ჯერ კიდევ მობრუნდეს, შეიძლება არ იყოს ისეთი სრულფასოვანი ადამიანი, როგორიც იყო ციხეში მოხვედრამდე, დემენცია, რაც მას დიაგნოზი აქვს, ძალიან ძნელი გამოსასწორებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ისე უმკურნალო, რომ ჯანმრთელობას აღარ ჰქონდეს საფრთხე", - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე