რეზონანსი
(25.02.2023)

უკრაინის რადას სპიკერმა, გუშინ, მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია - მნიშვნელოვანია, საქართველოში უკრაინას ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ხელისუფლებისადმი საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი და გარკვეული ჯგუფები უკრაინაში დაკავებულები არიან იმით, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს რამენაირად გადაკიდოს.

„მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი. ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდონ, მაგრამ მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ. არ მინდა საელჩოს თანამშრომელთან დისკუსიაში შევიდე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობებსა და 10 დასახლების აღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს.

კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.

„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე", - განაცხადა კასიანოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე