რეზონანსი
(24.02.2023)

თითქოს ეროვნული მოძრაობა უნდა დაწყებულიყო, ასე დააანონსეს და მერე იმ სამი პარტიიდან ერთი, თუ ორი გავიდა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა არც პარლამენტში და არც ქუჩაში.

„როდესაც პარლამენტის წევრი ხარ, ფიცი გაქვს დადებული შენი ქვეყნის ერთიანობისა და საზოგადოების წინაშე და სხვა ქვეყნის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. საზოგადოება ამას კარგად ხედავს, ამიტომაც არის, რომ არანაირი მხარდაჭერა რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არც პარლამენტში და არც ქუჩაში. ხალხს უნდა მშვიდობა და განვითარება.

საქართველო, რომელიც სამწუხაროდ, ასევე ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება დღეს არ იყოს უკრაინის მხარეზე? ეს გამორიცხულია! საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ჩვენ უკრაინას ვუკეთებთ ყველაფერს, რაც შეიძლება. ერთადერთი, რასაც ვერ ვუკეთებთ, ეს არის ის, რომ მეორე ფრონტს ნამდვილად ვერ გავხსნით, ეს პრაქტიკულად დასასრული იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის. ბუნებრივია, ასეთ გადაწყვეტილებაზე ვერც ხელისუფლება წავა და ვერც საზოგადოება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე