რეზონანსი
(23.02.2023)

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება.

ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა იყო უსაფრთხოების გარემო, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ეუთო-ს როლი, ფუნქციები და კონტრიბუცია.

დღესვე გაიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა და 2022 წლის ექვსი თვის საქმიანობა მიმოიხილა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები და კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხები განიხილეს. ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

„გასულ წელს ჩვენ ვიხილეთ რუსეთის სასტიკი აგრესია ეუთო-ს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც დაიღუპა ათი ათასობით ადამიანი და განადგურდა უკრაინული ქალაქები და სოფლები. ეს არის რუსეთის მორიგი სასტიკი აგრესია 21-ე საუკუნეში. დღეს ორი ქვეყნის, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული და ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენ ამ ასამბლეის ფარგლებში უნდა ვიყოთ ერთიანნი სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან, ოკუპაციასა და ანექსიასთან მიმართებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაშია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაკა ბოჭორიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე