რეზონანსი
(22.02.2023)

ეს მოცემულობაა, რომ კეზერაშვილი, იაკობაშვილი, მერაბიშვილი თუ სხვა ადამიანები დღეს ცდილობენ, რაღაცნაირად აღდგნენ მძიმე პოლიტიკური წარსულისგან, რომელიც აქვთ. აღდგნენ დაფერფლილი პოლიტიკური მემკვიდრეობიდან, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქრონიკის" ექსკლუზიურ ინფორმაციას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ისინი მართავენ ასეთ შეხვედრებს. მათ აქვთ საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფული, იქნებოდა ეს ჯარისკაცების ფული, ჯანდაცვის ფული თუ სხვა სექტორებიდან მოპარული ფული და ამ ფულს ისინი იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური შურისძიება შეძლონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამას ჩვენ პირველ რიგში ვუპირისპირებთ იმას, რომ პირველ რიგში ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად. ანუ იმიტომ ვხარჯავთ ამდენ დროსა და ენერგიას, იმიტომ გვინდა, რომ გვქონდეს უფრო გამჭვირვალე კანონები, უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რა ხდება რეალურად და რას უნდა ელოდონ ამ ადამიანებისგან. ეს ადამიანები ზოგჯერ გადაცმულები, ზოგჯერ სხვა ფერებით, ზოგჯერ სხვა ნომრებით შემოდიან ხოლმე არჩევნებში, ან რევოლუციის მცდელობებში, ან ბოიკოტებს აცხადებენ და თან პარლამენტში რჩებიან", - აგანაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქრონიკის" ინფორმაციით, კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას" ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, სადაც ჩანან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძე, ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი დავით ტყეშელაშვილი.

როგორც „ქრონიკის" წყარო ამბობს, ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილსა და დავით ტყეშელაშვილს ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და ყოფილმა ელჩმა მიაწოდეს ინფორმაცია იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც ისინი ბრიტანელ ლობისტებთან მართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე