რეზონანსი
(22.02.2023)

ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. გამოიკითხნენ მოწმეები, კერძოდ, ყოფილი მძევლები, მათ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის დღე დეტალურად გაიხსენეს. პროცესზე სულ რვა მოწმემ უპასუხა კითხვებს.

მოწმეებმა გაიხსენეს, თუ როგორ შევარდა შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში, როგორ მოსთხოვა მათ იატაკზე დაწოლა და ყვიროდა, რომ იყო ძარცვა.

"მახსოვს [მითხრა] რა გატირებსო, ერთ დღეს ხომ მაინც მოკვდებიო და რა რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოკვდებდიო... ძალიან ცუდად ვიყავი. მერე გოგოებმაც უთხრეს, ცუდად არის, გაუშვიო, გაითვალისწინა და გამიშვა," - აღნიშნა ერთ-ერთმა მძევალმა სასამართლოზე.

სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. მან ერთ-ერთ მოწმესთან დაკავშირებით განცხადებაც გააკეთა.

"თხოვნა მაქვს, ახლა ეს მოწმე რომ დავინახე, დადებითი ემოციებით არის და პროკურორები ცდილობენ რომ რაღაცნაირად დაამძიმონ, ერთი-ორჯერ შევნიშნე. თხოვნა მექნება, რომ გაუფრთხილდით ემოციებს. თქვენ აღნიშნეთ რამდენჯერმე ქალბატონო მირანდა[პროკურორი] რომ წყალს მოგაწოდებთო და გაუფრთხილდით რა მოწმეს," - მიმართა ბადრი ესებუამ სასამართლოს.

ბადრი ესებუა ამ წუთებში ისევ ბათუმში გადაჰყავთ, სწორედ იქ იხდის დაკავებული სასჯელს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე