რეზონანსი
(22.02.2023)

ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო სხდომა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით „საქართველოს ბანკის" თანამმშრომლები დაიკითხნენ. მძევლებმა მხარეების შეკითხვებს უპასუხეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს „საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმის დღეს განვითარებული მოვლენები.

ამასთანავე, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების, ფონოსკოპიური და ოდოროლოგიური ნიმუშების აღების თაობაზე. მოსამართლემ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და ბადრი ესებუას ჩაუტარდება შესაბამისი ექსპერტიზა. მას 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ბადრი ესებუა ესწრებოდა. მომდევნო სხდომა 1 მარტს გაიმართება, როდესაც გაგრძელდება „საქართველოს ბანკის" თანამშრომლების დაკითხვა.

„საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში 8 თებერვალს დააკავეს.

ბადრი ესებუა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში შეიჭრა. ის, ნახევარ მილიონ დოლართან ერთად, ვერტმფრენს ან მანქანას ითხოვდა, რათა მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია ჰქონოდა. ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცველებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ ბადრი ესებუამ სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე