რეზონანსი
(28.12.2022)

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო. საკრებულოს „ქართული ოცნების" დეპუტატს, კოტე ზარნაძეს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდა.

დაპირისპირება ზარნაძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს გიორგი იანტბელიძეს ოპოზიციის ნაწილისგან შეფასება „ზონდერი" არ ეკუთვნის.

„მეგობრებო გიორგი იანტბელიძე იცით ვინ არის, ვისაც ესენი „ზონდერს" ეძახიან?! გიორგი იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული და ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება. ეს არის მწვრთნელი, ღირსეული ადამიანი",- განაცხადა კოტე ზარნაძემ.

აღნიშნულის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. „ემოციაც არის და ემოციაც. გარკვეული პროტესტის გამოხატვაც მინახავს, მაგრამ ის, რაც ახლა ვნახეთ, ნამდვილად არ ჯდება საკრებულოს წევრის არანაირ ლოგიკაში. ამიტომ, მინდა გთხოვოთ, ირაკლი ეძგვერაძე ახლა არ იმყოფება დარბაზში, სანამ არ დაწყნარდება და არ დამშვიდდება, მოუწოდეთ, არ შემოვიდეს. არანაირი შეურაცხყოფა არ ყოფილა მიყენებული. შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას კრიტიკული მოსაზრება უთხრას, მაგრამ ქუჩაში არ ვართ",- განაცხადა ტყემალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე